„სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა - რამდენიმე კონგრესმენის ინიციატივა იყო და მას არანაირი საფუძველი არ აქვს"

მე როგორც ვიცი, არის რამდენიმე კონგრესმენის ინიციატივა სანქციებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას არანაირი საფუძველი არ აქვს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

„ჩემი აზრით, სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა - არ არის სწორი ნათქვამი, რადგან არც დამდგარა სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში. არის, მე როგორც ვიცი, რამდენიმე კონგრესმენის ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას არანაირი საფუძველი არ აქვს. რაც შეეხება კონგრესმენების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, გეტყვით ჩემს მოსაზრებებს, იმ ნაწილში, როდესაც მათ აქვთ რაღაც პოლიტიკური პრეტენზიები, მაგალითად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პროპორციული უნდა იყოს თუ არა, პირობა უნდა შესრულებულიყო თუ არა, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადება და პოზიცია. მათ აქვთ ასევე ამის უფლება, რომ ჰქონდეთ ეს პოზიცია, თუ მიაჩნიათ, რომ ეს უფრო სწორი განვითარებაა საქართველოსი, მაგრამ მათი ეს პოზიცია არის შეზავებული რაღაც ეკონომიკურ საკითხებთან, როგორიც არის „ფრონტერა“ და როგორიც არის ანაკლია. იქ ერთმნიშვნელოვნად არ არიან ინფორმირებულები. ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით. თუ ჩაიხედავენ ამ საკითებში დეტალურად, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია მათი პრეტენზიები. უბრალოდ, ეს ყველაფერი - პოლიტიკური მათი დამოკიდებულება და ეკონომიკური საკითხები არის შეზავებული და ერთიანად წარმოდგენილი, რაც მე მგონია, არის იმის მაჩვენებელი, რომ არ არიან სრულად გათვითცნობიერებულები“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.