ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო სმარტფონების მწარმოებელი ქარხნების მუშაობის შეჩერება უკვე გაზაფხულზე სმარტფონების დეფიციტს და მათზე ფასის ზრდას გამოიწვევს. აღნიშნულის შესახებ მობილური სფეროს ბაზრის ანალიტიკოსები აცხადებენ.
მათივე პროგნოზით, ჩინური ახალი წლის დადგომა და ეს სადღესასწაულო პერიოდი ისედაც ანელებს წარმოება-მიწოდებას, თუმცა კორონავირუსის გამო შექმნილმა ფორსმაჟორულმა მდგომარეობამ წარმოების განახლების ვადები გაურკვეველი დროით გადაწია. განახლების შემთხვევაშიც კი, ქვეყნებს ჩინეთიდან მიღებული პროდუქციის დამატებით ფიტოსანიტარული შემოწმება მოუწევთ, ეს კი დამატებით გაზრდის ბაზრისთვის პროდუქციის მიწოდების ვადებს.
ჯერჯერობით რითეილერებთან თავად პროდუქციის დეფიციტი არ შეინიშნება. ანალიტიკოსები ბაზარზე პროდუქციის მიწოდების შეფერხებას გაზაფხულისთვის პროგნოზირებენ და არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ დეფიციტს მოჰყვეს ფასების ზრდა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა გარკვეული ტიპის ციფრულ პროდუქციაზე ფასების მატება უკვე დაწყებულია.