დედაქალაქში წელს რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება

2020-2021 წლებში დედაქალაქში რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

ბენდელიანის თქმით, იგეგმება მარშალ გელოვანის გამზირისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ერთმანეთთან დაკავშირება.

„აქ მოეწყობა შვიდი, სხვადასხვა სიგრძის კვანძი, გაუქმდება ყველა არსებული შუქნიშანი და გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. ასევე, ხორციელდება ლისიდან ჩამომავალი გზის მოწყობის პროექტი. სწორედ ამ ორი პროექტის განხორციელების შემდეგ დიღმისა და ლისის ტბის მიმართულებით მოძრაობა შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, პროექტი უკვე მზადაა და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება, სამუშაოების ღირებულებაა 21 634 083 ლარია და მის დასრულებას დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება. ამასთან, წელსვე დაიწყება უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობა, რომელსაც დაახლოებით 2 წელი და 56 029 454 ლარი დასჭირდება.

„600 მეტრამდე სიგრძის ხიდი მდინარე ვერეს კალაპოტში აშენდება. მნიშვნელოვანია, რომ წყნეთსა და ბაგებში, ასევე უნივერსიტეტის ქუჩასა და ზედა საბურთალოზე იმატებს განაშენიანება და სატრანსპორტო ნაკადები. ამ თვალსაზრისით, ხიდი მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას თამარაშვილსა და ჭავჭავაძეზე“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ხიდის მოწყობა ასევე ორი კვანძის მოწყობას საჭიროებს უნივერსიტეტის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე.

მერის მოადგილის თქმით, წელსვე განხორციელდება ქეთევან დედოფლის, წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია.

ამასთან, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 2020 წელს მინდელის სახელობის ხიდი რეაბილიტირდება. ამისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

კერძოდ, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც გლდანში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება.

„ყველაზე გრძელი ხიდია, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს. მისი სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია. ხიდი სრულად რეაბილიტირდება, შეიცვლება ასფალტი, გადაბმის ნაკერები, განათება და მოაჯირები. სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე დავასრულებთ გლდანში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.