მიმდინარე წელს გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოების განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 000 0000 ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ 2020-2021 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ტერიტორიის საერთო ფართობი 37 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტბის სიგრძე 300 მეტრი, ხოლო სიგანე - 160 მეტრია.
„ტბის გარშემო შესაძლებელია ისეთივე რეკრეაციული სივრცის მოწყობა, როგორიც ლისის ტბასა და კუს ტბაზეა. პროექტირებაზე მუნიციპალიტეტმა მუშაობა უკვე დაიწყო და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ტბის ეკოსისტემით ისარგებლოს. პროექტის განხორციელებასა და მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფაში ევროსაბჭო გვეხმარება. ასევე, შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც ფრანგი და ადგილობრივი ექსპერტები მოსახლეობასთან ერთად არიან გაერთიანებული. ვფიქრობ, გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, აღდგენა და შექმნა, რომელიც დღეს ფაქტობრივად, ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელადაა ქცეული, ერთი-ერთი საამაყო პროექტი იქნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, ვარკეთილში 17 600 კვ.მ ფართობზე ორი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება
მერის მოადგილის განცხადებით, ვარკეთილში, ერთ-ერთი სკვერი ალექსიძის ქუჩაზე მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად კი 500 000 ლარი დაიხარჯება.
„ვარკეთილის სივრცითი დაგეგმარება საბედნიეროდ, შენარჩუნებულია. ქალაქში ძალიან ბევრი მწვანე სივრცე გვაქვს, რომელიც მოვლასა და განახლებას საჭიროებს. ტერიტორია, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარე წელს იგეგმება, ალექსიძის ქუჩაზე არსებული საკმაოდ დიდი სკვერია. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 7 600 კვ.მ ფართობი განახლდება, დაირგვება დიდი ზომის ხეები და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და როგორც სარწყავი, ასევე, სანიაღვრე სისტემები მოეწყობა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ამასთან, მერის მოადგილემ კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ვარკეთილის 3, მე-3 მიკრორაიონში, N310 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ვარკეთილში, 10 000 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. გასულ წელს ჩვენ ვარკეთილში ძალიან დიდი სივრცის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. წელს კი, როდესაც აღნიშნული პარკის განახლებას დავიწყებთ, ვფიქრობთ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ ერთი კარგი სივრცე შეიქმნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.