მოსკოვისა და სარაჯიშვილის გამზირებზე ხეივნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მიმდინარე წელს მოსკოვისა და სარაჯიშვილის გამზირებზე არსებული ხეივნების რეაბილიტაცია იგეგმება, რაზეც 3 000 000 ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მხრიდან ძველი პროექტების რეაბილიტაციის ან ახალი პროექტების განხორციელების დროს, მწვანე საფარის შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.

„თითოეულ პარკში, რომლის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, 80% მწვანე საფარი იქნება და სარწყავი სისტემები მოეწყობა. მოსკოვის გამზირზე, 27 000 კვ.მ ფართობზე გამწვანებული სივრცე არსებობს, რომლის რეაბილიტაციას სულ მალე დავიწყებთ. პროექტის საერთო ღირებულება 3 500 000 მლნ ლარია. ვფიქრობთ, სამუშაოების შედეგად, როგორც რეკრეაციული, ასევე დასასვენებელი კუთხით, ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან კარგი სივრცე ექნება. ბუნებრივია, მოეწყობა ველობილიკები, დაირგვება ახალი ხეები და ნარგავები, მოეწყობა შესაბამისი მოსასვენებელი ადგილები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი პროექტის განხორციელება დაიწყება სარაჯიშვილის გამზირზეც, სადაც ასევე, დიდი ხეივანი არსებობს.

„გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ხეივანში ინფრასტრუქტურაა მოშლილი, ხეების მდგომარეობაც ძალიან მძიმეა. ხეივანი 28 000 კვ.მ ფართობს მოიცავს და წელს ტერიტორია მთლიანად რეაბილიტირდება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

ამასთან, ბითაძემ კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფი კუნძულები მოეწყობა. პროექტების საერთო ღირებულება ერთი მილიონი ლარი იქნება, ჯამური ფართობი კი - 55 000 კვადრატული მეტრი. მისი თქმით, გზაგამყოფი კუნძულები ყველგან გამწვანებული იქნება.

„გვაქვს სიახლე, რომელიც უშუალოდ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის იდეაა. ეს არის გზაგამყოფების მოწესრიგება, რომლებმაც ჩვენი ქალაქი ძალიან გაალამაზა. ისინი ორმაგ ფუნქციას ასრულებენ, გარდა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, ალამაზებენ ქალაქს. მიმდინარე წელს ძალიან ბევრი კუნძულის რეაბილიტაცია და მოწყობა გვაქვს დაგეგმილი იმ ფორმით, რა ფორმითაც უკვე გავაკეთეთ სხვა ადგილებში. მაგალითად, შარტავას ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

ყველა იმ მოედანზე, სადაც ბოძკინტებია განლაგებული, მიმდინარე წელს, მწვანე სივრცეები მოეწყობა, რომელიც ნამდვილად გაალამაზებს თბილისს. შესაბამისად, ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. მათ შორის: ზ. ჟვანიას სახელობის მოედანზე, პეკინის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთაზე, ლევილისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროებზე, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე, მახათას მთის აღმართი და ა.შ.“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.