ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე ინსპექტირების ახალი წესი და პირობები განისაზღვრა და დღეიდან, შრომის ინსპექცია შემოწმებას ახალი სტანდარტის შესაბამისად განახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ყველა იმ სამუშაო სივრცეში, სადაც დასაქმებულებს უწევთ ყოფნა, დეტალურად განისაზღვრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, მისი უფლებამოსილების განხორციელების დროს შესასრულებელი მოქმედებები, მათ შორის ინსპექტირებამდე, ინსპექტირების პროცესში და ინსპექტირების დასრულების შემდგომ.
„ეს ეხება, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითად პრინციპებს, ამოცანებს და მექანიზმებს, ინსპექტირების სახეებს და მიმართულებებს, ასევე ობიექტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების წესს, ობიექტზე შესვლისას და ობიექტის ინსპექტირებისას განსახორციელებელ ღონისძიებებს, ოქმის შევსების, მითითების მიცემის და შემოწმების აქტის შევსების წესებს. ინსპექტირების წესის განსაზღვრა დაეხმარება დამსაქმებელს და დასაქმებულს ჰქონდეთ ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.