ადგილობრივ თამბაქოზე გაცემული აქციზის რაოდენობა 25-ჯერ შემცირდა - „უფილტრო სიგარეტზე მოთხოვნა აღარ არის“

2019 წელს ადგილობრივ თამბაქოზე გაცემული აქციზის რაოდენობა 25-ჯერ შემცირდა. მათ შორის, 25-ჯერ შემცირდა უფილტრო სიგარეტზე გაცემული აქციზი, ფილტრიანზე კი - 27-ჯერ.

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს ადგილობრივ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ჯამში, 108, 971 მლნ აქციზი გაიცა, აქედან 108, 4 მლნ ლარის აქციზი უფილტროზე, ხოლო ფილტრიანზე - 540 ათასი.

ამავე წელს იმპორტირებულ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ჯამში 275, 173 მლნ აქციზი გაიცა, საიდანაც, 7,366 უფილტრო, 267, 807 კი, ფილტრიანი იყო.

რაც შეეხება 2019 წელს, ადგილობრივ სიგარეტზე ჯამში 4, 282 მლნ აქციზი გაიცა, საიდანაც 4,262 მლნ აქციზი უფილტრო იყო, ხოლო 20 ათასი ფილტრიანი.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2019 წელს იმპორტირებულ თამბაქოზე ჯამში 211, 808 მლნ აქციზი გაიცა, აქედან 334 ათასი უფილტროზე, ფილტრიანზე კი - 211, 474 მლნ აქციზი.

შესაბამისად, შემცირდა ბიუჯეტში ადგილობრივი წარმოების სიგარეტის აქციზიდან მიღებული შემოსავალიც. კერძოდ, თუ 2018 წელს სიგარეტის აქციზიდან (როგორც უფილტრო, ასევე ფილტრიანი) ბიუჯეტში 54,936 მლნ ლარი შევიდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 35,058 მლნ-მდე შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა იმპორტირებული სიგარეტის აქციზიდან შესული თანხის მოცულობა, კერძოდ, 2018 წელს იმპორტიორებმა აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში 514,3 მლნ ლარი გადაიხადეს, 2019 წელს კი 689,3 მლნ ლარი.

არსებული სტატისტიკის პარალელურად, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, შემცირდა თუ არა მოთხოვნა სიგარეტზე, რისთვისაც თამბაქოს რამდენიმე ჯიხურს მივაკითხეთ. როგორც რამდენიმე მაღაზიაში განგვიცხადეს, მოთხოვნა შემცირებულია უფილტრო სიგარეტზე, რის გამოც გაყიდვიდან საერთოდ ამოიღეს.

„ზოგადად, სიგარეტზე მოთხოვნა არ შემცირებულა, თუმცა, უფილტროს თითქმის, აღარავინ კითხულობდა, ამიტომ, ჩვენთან აღარ იყიდება. რაც უფილტრო სიგარეტის ფასი გაიზარდა, მას შემდეგ შემცირდა მოთხოვნა “,- აცხადებენ, ერთ-ერთ ჯიხურში.

აღნიშნულს ადასტურებენ თამბაქოს კიდევ ერთ მაღაზიაში და აღნიშნავენ, რომ უფილტრო სიგარეტის რეალიზაციაზე უარის თქმის მიუხედავად, მათთან გაყიდვები არ შემცირებულა.

„მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტი რამდენჯერმე გაძვირდა, ფილტრინის გაყიდვები არ შემცირებულა, თუმცა უფილტროზე მოთხოვნა თითქმის აღარ იყო და ჩვენს მაღაზიაში საერთოდ აღარ შემოაქვთ“.

ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, 1-ლი იანვრიდან აქციზის განაკვეთი გათანაბრდა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე და 20 ღერზე 1.7 ლარი გახდა. შეგახსენებთ, რომ ცვლილებამდე, კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ერთი ლარი და 70 თეთრი, ხოლო უფილტროზე 60 თეთრი იყო. აღნიშნულ სხვაობას კი სპეციალისტები კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზად მიიჩნევდნენ, რომელიც თამბაქოს ბიზნესს აძლევდა საშუალებას, ფილტრიანი სიგარეტი უფილტროდ გაესაღებინა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 45-50 მილიონ ლარს კარგავდა.

ნინი ქეთელაური