ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრა სპეციალური მეთოდის - რისკის დონის განსაზღვრის ინდიკატორის საფუძველზე განხორციელდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ საქმიანობას, სადაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის რისკი უფრო მაღალია.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მეთოდის საშუალებით დადგინდება ისეთი დარგები, რომლებიც ერთი შეხედვით არ წარმოადგენენ საფრთხისშემცველ საქმიანობებს, თუმცა მათი სპეციფიკის გათვალისწინებით მავნეა ადამიანის (დასაქმებულის) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
„შრომის ინსპექციის მიერ ასეთი დარგების შემოწმება მაღალი ინტენსივობით განხორციელდება, რათა დროულად იქნეს იდენტიფიცირებული დარღვევა და განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.
ასევე განისაზღვრა ობიექტების შემოწმების პერიოდულობაც. შრომის ინსპექცია კონკრეტული ორგანიზაციების შემოწმებას შესაბამისი გეგმა-გრაფიკის საფუძველზე განახორციელებს. ახალი სტანდარტი ერთი მხრივ, შესაძლებლობას მისცემს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს შეადგინოს შესამოწმებელი ობიექტების გეგმა, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებელს ექნება ზუსტი ინფორმაცია მისი შემოწმების პერიოდულობის შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.