ოზურგეთში პირველი ცოცხალი საქონლის სატრანზიტო ცენტრი შენდება, სადაც როგორც მსხვილფეხა, ისევე წვრილფეხა საქონლის მიღება და 4000 სულამდე საქონლის ერთდროულად განთავსება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცხოველეობის ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლოგისტიკური ცენტრი შეცვლის და მაღალ საფეხურზე აიყვანს მეცხოველეობის განვითარებას, როგორც საქართველოში, ასევე მთელს ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს მომხმარებელს ცოცხალი საქონლის ტრანსპორტირებისთვის კომპლექსური ლოგისტიკური მომსახურეობა მიიღოს: საქონლის მიწოდების შესაძლებლობა ავსტრალიიდან, აშშ, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებიდან - ბათუმის პორტში სპეციალური გემით მიღება, გადმოტვირთვა - ოზურგეთის სატრანზიტო ლოგისტიკურ ცენტრში გადაყვანა - ვეტერინარული მომსახურეობა, სერტიფიცირება, - საკუთარი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირება - დანიშნულების ადგილზე ჩაყვანა კავკასიის, შუა აზიის ქვეყნებში და ირანში.
„საქართველოს გავლით მსგავსი სატრანზიტო დერეფნისა და ლოგისტიკური ცენტრის შექმნის მიზანია მესაქონლეობის სფეროს განვითარება და სხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. სატრანზიტო მარშრუტი დაიწყება ბათუმის პორტში სპეციალიზირებული გემის (2 000-დან 20 000 თავამდე საქონლის ტევადობის) მიღებით, სადაც მოხდება ცხოველების ჩამოტვირთვა და ოზურგეთის ლოგისტიკურ ცენტრში გადაყვანა, შემდეგ კი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებით საბოლოო დანიშნულების ადგილზე გაგზავნა. პროექტი ითვალისწინებს 100-მდე ადგილობრივის დასაქმებას. პროექტს ახორციელებს კომპანია „აგრო პრაიმი“, რომლის მთავარი პარტნიორი ქვეყანა არის ყაზახეთი.
პროექტის ინვესტიცია არის 10 მილიონ ლარამდე, ლოგისტიკური ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ელექტრო ღობეებითა და მოწყობილობებით“, - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“პროექტი მოიცავს 10 მილიონი ლარის ინვესტიციას, რომელიც წელიწადში 250 მილიონი დოლარის ბრუნვის საშუალებას იძლევა სამომავლო კიდევ უფრო მეტი ზრდის პერსპექტივით. ცენტრი წელიწადში უზრუნველყოფს დაახლოვებით 100 ათასი სული საქონლის ტრანსპორტირებას. ასეთივე სივრცე შეიქმნება ყაზახეთის ტერიტორიაზეც, რომ სრული ციკლი იყოს დაცული. ტურისტული ზრდისა და მოთხოვნის ფონზე, საქართველო ვერ უზრუნველყოფს ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, ჩვენი პროექტი დაეხმარება ხორც-პროდუქტების წარმოებას, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე შევძლებთ პროდუქციის ქვეყნის საზღვრებს გარეთ ექსპორტირებას. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას ამ საქმეში, რომ შეიქმნას ახალი ინფრასტურქტურები და კონკრეტული პროექტები თითოეულ რაიონში, რათა ხელი შევუწყოთ რძისა და ხორც-პროდუქტების წარმოებას. ზოგადად კი სოფლის მეურნეობის აღორძინებას. შეიქმნება დამატებით სამუშაო ადგილები, რაც საშუალებას მოვცემს ქალაქიდან (მშობლიურ) რაიონებში დავაბრუნოთ მოსახლეობა. ჩვენი სამომავლო გეგმა ასევე უკავშირდება მნიშვნელოვან საკითხს -ლოგისტიკური ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საგანმანათლებლო - საკონსულტაციო ცენტრი, სადაც ნებისმიერი ფერმერი მიიღებს კონსულტაციას თუ როგორ უნდა შექმნას და მართოს ფერმა, როგორ მოახდინოს პროდუქციის რეალიზაცია. კონსულტაციას კი გაუწევენ პროფესიონალი ავსტრალიელი და ქართველი ვეტერინარები”, - განაცხადა საქართველოს მეცხოველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ გოჩა ჩხაიძემ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მესაქონლეობის კავშირის პრეზიდენტი, პარტნიორები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან ავსტრალიიდან და კანადიდან, მხარის რწმუნებული გურიის მხარეში.