ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს.
„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა აქამდე არსებული მიდგომის შეცვლა, რომლის თანახმადაც სვანეთში მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდის, თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ „საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა", თუმცა არ აკონკრეტებს როდიდან.
„რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა, მაგრამ ამ რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე ამ ნაბიჯებზე ვმუშაობთ. მიმდინარე წელსაც გარკვეული ცვლილებები იქნება. პირველ რიგში შეიძლება გაფართოვდეს კომერციული ობიექტები, რომლებსაც უწევთ გადახდა. ჯერ ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ,"- განაცხადა თვალაბეიშვილმა.
ამასთან, თვალაბეიშვილის თქმით, კრიპტოვალუტის მაინინგის პრობლემა, რის შედეგადაც სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულად იყო გაზრდილი, მოგვარებულია და ქსელზე არალეგალურად დაერთებული მოწყობილობები ჩაიხსნა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მოხმარება 80%-ით შემცირდა.
ცნობისთვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.