"სითი პარკს" ყოველთვიურად 10 ათას ლარიანი მოსაკრებელი დაუწესდა

"თბილსერვისი" კომპანია "სითი პარკს" დასუფთავების მოსაკრებლის სახით დაგროვილ 145 ათას ლარს, ხოლო მიმდინარე ყოველთვიურ გადასახადს 10 ათას ლარს უწესებს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შპს "სითი პარკს" თბილისის მერიის მიერ მართვის უფლებით გადაცემული აქვს დედაქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეული 416.912 კვმ ტერიტორია, რაზეც ავტოსადგომების დასუფთავების მოსაკრებელი ერთ კვ.მეტრზე 0,025 ლარი თვეში უნდა დაერიცხოს.

"მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დედაქალაქში 2007 წლიდან მოქმედებს, მას დასუფთავების მოსაკრებელი შვიდი წლის განმავლობაში არ გადაუხდია. შედეგად, შპს "სითი პარკი" თბილისის ბიუჯეტს წლების განმავლობაში კუთვნილ შემოსავალს აკლებდა, რითაც დედაქალაქის ბიუჯეტმა დაახლოებით 900 000 ლარი იზარალა", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიამ შპს "სითი პარკს" თბილისის ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით ყოველთვიურად 10.000 ლარზე მეტი გადასახადის ვალდებულება დაუდგინა. წინა წლებში გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდა კი 2013 წლის 1 ივნისიდან დააკისრა და შესაბამისად, ეს თანხა 145 ათას ლარს შეადგენს.

ამასთან, მერიაში განმარტავენ, რომ 2007 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში საკანონმდებლო ბაზა რამდენჯერმე შეიცვალა. ავტოსადგომების ფართზე დარიცხვა თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მოხდება, რომელიც ძალაში 2013 წლის 1 ივნისიდან შევიდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, "თბილსერვისს ჯგუფში" მერიის ახალი მენეჯმენტი შევიდა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი კომპანია დასუფთავების მოსაკრებელს საერთოდ არ იხდიდა, ზოგიერთი კი, შემცირებული მოცულობით.