ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ პანკისში ჰესის მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსენსუსის მიღწევის შემდეგ დაიწყება.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, როდის დაიწყება პანკისში ჰესის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო, შეჩერდა და რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო საკითხის გადასაჭრელად, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვის ფლობის მიუხედავად, ინვესტორს ადგილობრივების თანხმობა სჭირდება ჰესის ასაშენებლად და მისი ინფორმაციით, ინვესტორი ამ საკითხზე მუშაობს.
"დიახ, ნებართვა გაცემულია, მაგრამ როგორც პანკისში,ისე ყველგან სხვაგან საქართველოში,სადაც ჰესი აშენდება აუცილებელია არსებობდეს კონსესუსი ადგილობრივ მოსახლეობასა და ინვესტორს შორის და სწორედ ამ კონსესუსის საფუძველზე უნდა აშენდეს ნებისმიერი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი. ჩვენ ველოდებით ინვესტორს, ვიცით რომ ადგილობრივად მუშაობს.როდესაც იქნება მხარდაჭერა და წამოვა კონსესუსის სიგნალები რეგიონიდან, აუცილებლად ჰესი აშენდება",-აღნიშნა თვალაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში ადგილობრივების პროტესტი 5 მეგავატიანი ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.