საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.