"ვითიბი ბანკის" ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა

"ვითიბი ბანკის" ფინანსური მაჩვენებლები რვა თვის შედეგებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ვითიბი ბანკი" ავრცელებს.

"2014 წლის რვა თვის შედეგებით "ვითიბი ბანკის" ფინანსური მაჩვენებლების ზრდა გაცილებით აღემატება მთლიანი საბანკო სექტორის ანალოგიური მაჩვენებლების ზრდას. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფიზიკური პირების და ბიზნესის დაკრედიტება, ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ 14% შეადგინა, მაშინ როდესაც საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელის ზრდა არ აღემატება 6.7% - ს. მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის სესხების ზრდამ 15.2% შეადგინა და საკრედიტო პორტფელმა 353 მილიონ ლარს გადააჭარბა. ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების პორტფელის ზრდამ 11.8% შეადგინა და მოცულობამ 210 მილიონ ლარს გადააჭარბა", - აცხადებენ "ვითიბი ბანკში".

მათივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 6.6% -ით გაიზარდა და 193 მილიონ ლარს მიაღწია. იურიდიული პირების დეპოზიტების ზრდამ 20.3% შეადგინა და 405 მილიონ ლარს გადააჭარბა.

"2014 წლის რვა თვის შედეგებით, "ვითიბი ბანკის" აქტივების ზრდამ 15.5% შეადგინა და 953 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების ზრდას (7.5%) თითქმის ორჯერ აღემატებოდა. "ვითიბი ბანკის" მოგება 7.8 მილიონი ლარით განისაზღვრა", - განმარტავენ ბანკში.

თავად "ვითიბი ბანკის" ფინანსური დირექტორის, მამუკა მენთეშაშვილის განცხადებით, რვა თვის შედეგებით, ბანკის ფინანსური მაჩვენებლების ზრდის ტემპი საშუალოდ ორჯერ აღემატება საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლების ზრდის ტემპს, "რაც ბანკის სწორი და თანმიმდევრული განვითარების შედეგია".