ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში სკვერი მოეწყობა. სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე შესრულდება. პროექტის ფარგლებში, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება; დაითესება ბალახი, მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, დასასვენებელი პავილიონი, დამცავი მოაჯირი და ბორდიური; ტერიტორია ფილებით მოპირკეთდება, განთავსდება ურნები და საპარკე სკამები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, პროექტის დეტალები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო.
„ამ ტერიტორიას ახლა სკვერს ვერც ვუწოდებთ, იმდენად არის დაზიანებული ინფრასტრუქტურა. ადგილობრივებს, ფაქტობრივად, არ აქვთ ნორმალური დასასვენებელი სივრცე. შევხვდით მოსახლეობას და სრული ინფორმაცია მივაწოდეთ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. ასეთი ტიპის პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა. სკვერის მოწყობა რამდენიმე დღეში დაიწყება და ახლო მომავალში ლოტკინის მოსახლეობას კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სივრცე ექნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
სამღერეთის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 156 000-მდე ლარს დახარჯავს.