სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, Hollywood-ის მსხვილ სტუდიებთან რამდენიმე ფილმის და მათ შორის სერიალის საქართველოში გადაღებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რა მოლაპარაკებებს აწარმოებს სააგენტო პროგრამა "გადაიღე საქართველოშის" ფარგლებში, ხიდურელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს.
"Hollywood-თან მოლაპარაკებებია რამდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმის და სერიალის საქართველოში გადაღებასთან დაკავშირებით. საუბარია, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გადაღება წელსვე დაიწყება. ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ინტერესი ძალიან მაღალია Hollywood-ის მხრიდან. ადრე გვიწევდა იმის მტკიცება, რომ ძალიან კარგი ადგილია ფილმის გადაღებისთვის", - განაცხადა ხიდურელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, ჰოლივუდური ბლოკბასტერის - Fast&Furious 9-ის სცენების ნაწილი თბილისსა და რუსთავში გადაიღეს, რაც პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.