აშშ-ის პროკურატურა ვაშინგტონს მოუწოდებს წინ აღუდგეს 5G-ის სფეროში Huawei-ს დომინირებას

ამერიკელმა გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს მართებს კონტროლის ქვეშ აიყვანოს ფინური კომპანია Nokia და შვედური Ericsson, რათა არ დაუშვას ჩინური Huawei-ის დომინირება 5G ტექნოლოგიის სფეროში. აღნიშნული შინაარსის ტექსტი გავრცელებულია ამერიკის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.

„ჩინეთი წინ გაიჭრა და ამ დროისთვის ლიდერია 5G სფეროში. მათ უკვე უკავიათ ბაზრის 40% და აგრესიულად ვითარდებიან. Huawei ამ დროისთვის არის მთავარი მომწოდებელი 5G ქსელის აპარატურის ყველა კონტინენტზე გარდა ჩრდილოეთ ამერიკისა“, - აცხადებს ბარი.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამის საპირწონედ და ჩინეთის „სამრეწველო ჯაშუშობის“ წინააღმდეგ ამერიკის ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ჩინური გიგანტის კონკურენტ კომპანიებთან Nokia და Ericsson-თან თანამშრომლობა. მისი თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება, თუ ამერიკელები შეძლებენ ამ კომპანიების საკონტროლო პაკეტის შეძენას.

ამის პარალელურად კი, თავად Huawei-მ შეიტანა ამერიკულ სასამართლოში საჩივარი ამერიკული კომპანია Verizon-ის წინააღმდეგ, პატენტების უნებართვოდ გამოყენების გამო. აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

ტექსასის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი საჩივრის მიხედვით, Huawei ითხოვს Verizon-ისგან ფინანსურ კომპენსაციას ათობით პატენტის უნებართვოთ გამოყენების გამო. აღნიშნულმა კომპანიებმა აქამდე რამდენიმე პირისპირ შეხვედრა გამართეს დავის დარეგულირებისთვის, თუმცა უშედეგოდ.

Huawei აცხადებს, რომ Verizon-მა მოგება მიიღო იმ ტექნოლოგიისგან, რომელზეც ჩინური კომპანია ათობით წელი მუშაობდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სარჩელში არაა კონკრეტულად მითითებული, თუ რა ოდენობის კომპენსაციას ითხოვს ჩინური კომპანია.

კოკა კვირკველია