დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას ISUZU-ს მარკის, 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები წარუდგინა.
კახა კალაძის განცხადებით, ძველი მუნიციპალური ტრანსპორტი 40 ახალი ავტობუსით კიდევ 9 მარშრუტზე ჩანაცვლდება.
„მინდა აღვნიშნო, რომ ამით ჩვენ დავასრულეთ 8 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, თუმცა არ დამთავრებულა პროექტი, რომელიც წამოწყებული გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ნაბიჯნაბიჯ მივყვებით ამ პროექტის განხორციელებას. მთავარი პრიორიტეტი გახლავთ არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. ის პრობლემას წარმოადგენს როგორც მგზავრებისთვის, ასევე ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით.
ჩვენ შემოვყვანეთ 220 რვა მეტრიანი ავტობუსი. შემდეგი ეტაპია 12 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რომელიც მაისი, ივნისი, ივლისის თვეებში იქნება შემოყვანილი და ბოლო ეტაპი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსები. ყველაზე მთავარი არის ის,რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. პარალელურად ვმუშაობთ მეტროს მიმართულებით, გვინდა შემოვიყვანოთ ახალი მეტროს ვაგონები და გავაკეთოთ სადგურების სრული რეაბილიტაცია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად იქნება დედაქალაქში მოწესრიგებული. ჩვენ წინააღმდეგ რა შემოტევებიც არ უნდა იყოს, მინდა ყველა დავარწმუნო ერთ რამეში, რომ ქვეყნისა და ქალაქის განვითარებას ვერავინ შეზღუდავს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, დღის წესრიგი და თანმიმდევრულად მივყვებით იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც გაჟღერებული გვქონდა წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, 40 ავტობუსი უახლოეს დღეებში 9 მარშრუტზე გადანაწილდება. ესენია: N53 - ცაიშის ქუჩა (კუკია) - სადგურის მოედანი; N49 - სადგურის მოედანი - შალვა ნუცუბიძის III მ/რ (წრიული); N44 - ზემო ფონიჭალის დასახლება - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს); N47 - თავისუფალი უნივერსიტეტი (ნუცუბიძის I მ/რ) - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) N22 - სოფელი ნასაგური - მეტროსადგური „ისანი“; N41 - სოფელი წინუბანი - მეტროსადგური „ისანი“; N29 - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) - სოფელი თხინვალა; N89 - მეტროსადგური „დიდუბე“ - ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ); N18 - სოფელი პატარა ლილო - მეტროსადგური „ისანი“.
ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებშია შესყიდული. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეიძინა.