სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი აცხადებს, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში სესხების გაცემა ბანკებთან ახალ პირობებზე შეთანხმების შემდეგ დაიწყება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი, მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში სესხების გაცემა ბანკებთან ახალ პირობებზე შეთანხმების შემდეგ დაიწყება.

როგორ ხიდურელმა „ინტერპრესნიუსს" მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შექმნილი 20- მილიონიანი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ განუცხადა, ამ ეტაპზე ბანკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა პროგრამა გამარტივდეს.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმთან დაკავშირებით ბანკებთან მოლაპარაკებების მეორე სერია მიმდინარეობს. ჩვენი სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ კიდევ უფრო გაამარტივოს პროცედურები, რათა ეს მექანიზმი ბანკებისა და კერძო სექტორისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს. ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა და ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მალე დაიწყოს პროცესი“, - განაცხადა ხიდურელმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, საკრედიტო - საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ 2019 წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა. კომერციულ ბანკებთან ხელშეკრულებებს კი გასული წლის 25 ივლისს მოეწერა ხელი. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, მიზანი კი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა.