მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, მცხეთა - მთიანეთსა და სამცხე - ჯავახეთში, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

აღნიშნული პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირქტორმა გიორგი ამაშუკელმა და მისმა მოადგილემ ილია დარჩაშვილმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად მცხეთასა და ახალციხეში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გუბერნატორებთან შევხედრები გამართეს და ის სავარაუდო პროექტები განიხილეს, რომლის განხორციელებაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აღნიშნულ ორ რეგიონში იგეგმება.

"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონული განვითარების მესამე პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის სავარაუდო ღირებულება 75 მილიონი აშშ დოლარია. პროექტს, 60 მილიონით მსოფლიო ბანკი დააფინანსებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონი გამოიყოფა. სამუშაოები 2015 წელს დაიწყება და 2020-წელს დასრულდება. პროექტი მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მასშტაბით ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას, ამასთან კერძო სექტორის ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტების რაოდენობის ზრდას", - აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრებზე, რომელიც მცხეთასა და ახალციხეში გაიმართა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან წინასწარ შერჩეული სავარაუდო ქვეპროექტები განიხილეს.

პროექტებზე საბოლოოდ შეჯერების მიზნით შეხვედრები გაგრძელდება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი იმ ობიექტების ნუსხა, რომლის რეაბილიტაციაც რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში მცხეთა- მთიანეთსა და სამცხე -ჯავახეთში განხორციელდება.