ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ დაახლოებით ორი კვირის ვადაში ცნობილი იქნება, თუ როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.
როგორც ჯავახაძემ „ინტერპრესნიუსს" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა, მიმდინარეობს მუშაობა ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისთვის და ამ პროცესში მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან ჩართული.
ჯავახაძე განმარტავს, რომ ანაკლიის სააგენტოს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლით არაფერი იცვლება და სააგენტოს ხელმძღვანელობას კვლავ ის აგრძელებს.
„ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას ახალი ტენდერის მოსამზადებლად. ეს ასევე დამოკიდებულია სხვადასხვა საერთაშორისო ბანკების ჩართულობაზე. უახლოეს ორ კვირაში ველოდებით EBRD-სგან ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა შეიძლება შემოგვთავაზონ ამ კუთხით. მათ შორის, შეიძლება იყოს ტენდერის პროცესში ტექნიკური დახმარება. ასევე გასავლელია საჯარო-კერძო პარტნიორობით გათვალისწინებული პროცედურები. ჩვენი სააგენტოს მხრიდან მნიშვნელოვანი სამუშაოა უკვე გაწეული სატენდერო პირობებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ორ კვირაში დაზუსტდება და გამოცხადდება ზუსტი თარიღები თუ როდის გამოცხადდება ტენდერი",-აცხადებს ჯავახაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. სააგენტო 2017 წლიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მუშაობდა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" დადებული ხელშეკრულების მონიტორინგი ევალებოდა.
საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა.