იანვარში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 18 საინსპექციო კონტროლი განახორციელა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, ინსპექტირებისას აღებული 55 საექსპორტო ნიმუში გადაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიებში.
მათივე ინფორმაციით, ლაბორატორიული გამოცდით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ნიმუში არ შეესაბამებოდა სერტიფიცირებისთვის წარმოდგენილ ნიმუშს, რის გამოც კომპანიას უარი ეთქვა სერტიფიკატის მიღებაზე.
ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 19 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 637 ნიმუში, მათგან 32 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი 605 დადებითად.