თბილისს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა - რომელ მარშრუტებზე გადანაწილდებიან ახალი ავტობუსები

თბილისს კიდევ 40 ერთეული ახალი 8-მეტრიანი ავტობუსი შეემეტა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა ახალი ავტობუსები კიდევ 9 მარშრუტზე ჩანაცვლდება.

მერიის ინფორმაციით, 40 ავტობუსი უახლოეს დღეებში 9 მარშრუტზე გადანაწილდება. ესენია:

  • N53 - ცაიშის ქუჩა (კუკია) - სადგურის მოედანი;
  • N49 - სადგურის მოედანი - შალვა ნუცუბიძის III მ/რ (წრიული);
  • N44 - ზემო ფონიჭალის დასახლება - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);
  • N47 - თავისუფალი უნივერსიტეტი (ნუცუბიძის I მ/რ) - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ)
  • N22 - სოფელი ნასაგური - მეტროსადგური „ისანი“;
  • N41 - სოფელი წინუბანი - მეტროსადგური „ისანი“;
  • N29 - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) - სოფელი თხინვალა;
  • N89 - მეტროსადგური „დიდუბე“ - ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);
  • N18 - სოფელი პატარა ლილო - მეტროსადგური „ისანი“.

ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებშია შესყიდული. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეიძინა.