დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ინტერიერის მოწესრიგება და გარე სივრცის კეთილმოწყობა. რამდენიმე კვირაში დაიწყება შენობის კაპიტალური დასუფთავება.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, ავაშენოთ ახალი ბაღები, მით უფრო იმ უბნებში, სადაც საბავშვო ბაღები საერთოდ არ არსებობს. გარდა იმისა, რომ აქ ბავშვები მიიღებენ სკოლამდელ განათლებას, ბაღის გახსნით დაახლოებით, 70-მდე ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
ცნობისთვის, საბავშვო ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, რომელიც 300-მდე ბავშვს მოემსახურება. ბაღში დაცული იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტს კომპანია „ბილდ ტერიტორი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღწევს.