ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა სფეროში, ეფექტიანად მიმდინარეობდა. ამასთანავე, კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური დიალოგისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში. შემდგომში, არსებითია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს. 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების და რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელება. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ქვეყანამ საკვები და არასაკვები პროდუქტებით ვაჭრობის ხელშესაწყობად კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. დამატებითი სტრუქტურული რეფორმები საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი იყოს საგარეო მოვლენებთან მიმართებაში და საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება გრძელდება, ენერგორესურსებთან დაკავშირებული საქართველოს მიერ ევროკავშირის კანონთა კრებულის (acquis) შესრულება მთლიანობაში მხოლოდ 25%-ს შეადგენს. კლიმატთან დაკავშირებული გადაუდებელი ღონისძიებების აუცილებლობის გათვალისწინებით, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონების მიღება ძალზე მნიშვნელოვანი იქნება“, – ნათქვამია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ 2019 წლის ანგარიშში.