აუდიტის სამსახური - ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ, შესყიდვების განხორციელების პროცესში საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა ვერ უზრუნველყო

სახლემწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ასპინძის მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაგეგმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. ამასთანავე 2018 წელს ვერ უზრუნველყო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება.

აუდიტის სამსახურის ასპინძის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ არაერთი ხარვეზებია გამოვლენილი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რაც ასპინძის მერიის მხრიდან არასათანადო კონტროლითაა განპირობებული. ამასთან, უწყების შეფასებით, ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიამ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია დაუსაბუთებლად მიანიჭა.

„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ, შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. სატენდერო კომისიამ მიმწოდებლების შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტს არ გადაუწია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტის ვადა და მიანიჭა დისკვალიფიკაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სამუშაოები შეისყიდა 32.0 ათასი ლარით უფრო ძვირად”,-აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 127.2 ათასი ლარი გასცა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე.