სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ვარდების რევოლუციის მოედნისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობის პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის დახარჯვის მიუხედავად, ობიექტის მშენებლობა შეწყვეტილია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მრავალ დარღვევაზეა საუბარი. მათ შორის ირკვევა, რომ ტენდერის შედეგად საბაგიროს მშენებლობაზე შპს „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ 2013 წელს 5,454.7 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებაა გაფორმებული. სამუშაოები კი რომელიც დღესაც შეუსრულებელია, 2014 წელს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში ცვლილებების შედეგად, სამუშაოების დასრულების ვადად 2018 წელი განისაზღვრა, თუმცა აუდიტის ანგარიშის თანახმად, შპს „კავკასუს როუდ პროჯექტს“ 2015 წლის შემდეგ სამუშაოები აღარ შეუსრულებია. როგორც ირკვევა კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა და მან მერიას 2,989.7 ათასი ლარის ოდენობით თანხა უკან დაუბრუნა, ამასთან საბაგირო გზის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებისას არსებული პროექტის მიხედვით აღარ იგეგმება. აუდიტის შეფასებით აღნიშნული პროექტის განხორციელება სათანადო დაპროექტების გარეშე დაიწყო. ამასთან, მიმწოდებელმა შეასრულა 510.3 ათასი ლარის სამუშაოები და შესრულებული სამუშაოების ძირითადი ნაწილის გამოყენება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვისაც შეუძლებელია.
„2015 წლის 25 თებერვლის შემდეგ სამუშაოები ფაქტობრივად შეჩერებული იყო. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 2016 წლის მაისის შემდეგ შეეძლო მიმწოდებლისათვის მოეთხოვა აუთვისებელი საავანსო თანხის დაბრუნება, რაც არ გააკეთა. შესაბამისად, კომპანიამ დაკარგა ანგარიშზე არსებულ თანხაზე საბანკო პროცენტის მიღების შესაძლებლობა. კერძოდ, 2018 წლის 25 იანვრამდე პერიოდისათვის მას დაერიცხებოდა 727 ათას ლარზე მეტი სარგებელი”,-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი გარემოებები საჭიროებს თუ არა დამატებით შესწავლას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აუდიტის ანგარიში“ პროკურატურაშია გადაგზავნილი.
ცნობისთვის, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დაფუძნებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რომელიც ფლობს საწარმოს 100%-იან წილს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თბილისის მასშტაბით რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, შემდეგი ტრანსპორტით: ავტობუსები, მეტრო და საბაგირო გზები.