„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს, რაც შრომის კოდექსის დარღვევასთან ერთად, უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია"

აუდიტის სამსახურის დასკვნით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს, რაც გარდა იმისა, რომ შრომის კოდექსის დარღვევაა, უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მრავალ დარღვევაზეა საუბარი. მათ შორის იკვევა, რომ კომპანიის მიერ დანერგილი ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ორგანიზაციის სისტემა შეიცავს ხარვეზებს.

კერძოდ, ირკვევა, რომ 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაო 6,499 დასაქმებულიდან აუნაზღაურდა 3,349-ს, ხოლო 2018 წელს – 6,649 დასაქმებულიდან − 3,446 პირს. ამასთან, 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი იმუშავა ავტობუსის 1,398-დან 1,379-მა მძღოლმა, ხოლო 2018 წელს – 1,438-დან 1,420-მა მძღოლმა.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზეგანაკვეთურ შრომას განაპირობებს მძღოლების სამუშაო რეჟიმი. კერძოდ, მათი ძირითადი ნაწილი დასაქმებულია დღეგამოშვებით და დღის განმავლობაში მუშაობს 17 საათს და მეტს. 2017-2018 წლებში კომპანიამ გაზრდილი სატარიფო განაკვეთის სახით აანაზღაურა 1,310.9 ათასი ლარი.

„კომპანიაში დასაქმებული მძღოლების უმეტესობა კვირაში ზოგჯერ მუშაობს 48 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით. აღნიშნული პრინციპი, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება „საქართველოს შრომის კოდექსის“ ძირითად მოთხოვნას და მეორე მხრივ, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია. გარდა ამისა, შრომის უკეთესი დაგეგმვისა და ორგანიზების პირობებში, კომპანია დაზოგავდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს”,-აღნიშნულია ანგარიშში.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი გარემოებები საჭიროებს თუ არა დამატებით შესწავლას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აუდიტის ანგარიში“ პროკურატურაშია გადაგზავნილი.

ცნობისთვის, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დაფუძნებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რომელიც ფლობს საწარმოს 100%-იან წილს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თბილისის მასშტაბით რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, შემდეგი ტრანსპორტით: ავტობუსები, მეტრო და საბაგირო გზები.