Apple-მა კორონავირუსის გამო  მაღაზიების დაკეტვის გადაწყვეტილება გაახანგრძლივა

ამერიკულმა კომპანიამ Apple-მა ჩინეთში მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილება გაახანგრძლივა, ქვეყანაში კორონა ვირუსის შედეგად შემქნილი სიტუაციის გამო. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იტყობინება.

„ჯანდაცვის ექსპერტებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ ვმუშაობთ, რათა გავხსნათ ჩვენი კორპორაციული ოფისები და საკონტაქტო ცენტრები 10 თებერვლიდან. ასევე ვემზადებით, ჩვენი მაღაზიების გასახსნელად, თუმცა, ეს მოხდება ეტაპობრივად და ამის შესახებ თანდათან გავავრცელებთ ცნობებს“ - ციტირებს ტელეკომპანია კომპანიისგან მიღებულ განცხადებას.

ამავე განცხადების თანახმად, კომპანიის მაღაზიები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში უწყვეტად ფუნქციონირებდნენ, აგრძელებენ მუშაობას. როგორც CNBC აცხადებს, კომპანიას აქამდე გამოცხადებული ჰქონდა, რომ კორონავირუსის გამო აჩერებდა მაღაზიების მუშაობას 9 თებერვლის ჩათვლით და მის განახლებას 10 თებერვლიდან გეგმავდა.

ჩინეთის ბაზარი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია. გასულ წელს Apple-მა ამ ქვეყანაში 3.2 მილიონი iPhone გაყიდა.

კოკა კვირკველია