აშშ-მა პაუზა აიღო საკითხზე, რომელიც ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფის დაწესებას ითვალისწინებდა.
ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ლოურენს ქადლოუმ განაცხადა.
„საკითხი შეჩერებულია. ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე“ - განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, სავაჭრო უთანხმოება აშშ-სა და ევროკავშირს შორის მწვავე ფაზაში 2018 წლის 1-ელ თებერვალს გადავიდა, როცა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება ცალკეული ქვეყნებიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების გაზრდის შესახებ, ამ ქვეყნების სიაში მოხვდა ევროკავშირიც. ამის პასუხად კი, 14 ივნისს, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება გაეზარდა ტარიფები ამერიკიდან იმპორტირებულ საქონელზე. 20 ივნისს კი ევროპარლამენტის დადგენილება ამოქმედდა, რომელმაც ამერიკიდან იმპორტირებულ 2,8 მილიარდის საქონელზე დააწესა გაზრდილი საბაჟო ტარიფები.
2018 წლის 25 ივლისს კი დონალდ ტრამპსა და იმ დროს ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟან კლოდ იუნკერს შორის გამართული შეხვედრის დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხარეებმა ერთად იმუშაონ მისაღებ ფორმაზე და გააუქმონ ერთმანეთისადმი დაწესებული ტარიფები.
უკვე მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დონალდ ტრამპმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფების დაწესებას, თუ მხარეები ვერ მიაღწევდნენ სავაჭრო საკითხებზე შეთანხმებას, რომელიც აწყობდა ვაშინგტონს.