სოფელ შემოქმედში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება

ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში წყლის დონემ დაიწია, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე აცხადებს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია შექმნილია და ინფორმაცია, მიყენებული ზარალის შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

"ჯერჯერობით შეუძლებელია აქ ტექნიკის მუშაობა. ძირითადად რაც გავაკეთეთ ის არის, რომ სადაც მდინარე ბჟუჟა ჩამოედინება, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები გაყვანილი არიან სახლებიდან. დაიტბორა დაახლოებით 10 სახლი. ასევე, დატბორილია სკოლის ტერიტორია და სწავლა შეჩერებულია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ წყალს გზის ნაწილი აქვს წაღებული - ცენტრალურ გზას ძირი გამოუთხარა და ეს ტერიტორია დავკეტეთ. ველოდებით ამინდის გამოსვლას. 24-საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ჭანუყვაძემ.

მისივე ინფორმაციით, სტიქიამ პრობლემა ძირითადად იმ სოფლებს შეუქმნა, სადაც მდინარეები – ბჟუჟა და ნატანები ჩაედინება, განსაკუთრებით – შემოქმედსა და ცხემლისხიდს. მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ადგილზე ეცნობიან ვითარებას ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მინისტრები და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ხვალაც წვიმიანი ამინდი იქნება.