შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში? - გასულ კვირას ეს საკითხი პოლიტიკოსების მწვავე დაპირისპირების საგანი გახდა.
არადა, პრობლემა, რომელიც ქვეყანაში მწვავედ დგას, მხოლოდ ბაღდათში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გააქტიურდა, როცა მიტოვებულ ძველ ხის სახლს თავშეფარებული სოციალურად დაუცველი დედა და მისი 4 მცირეწლოვანი შვილი ხანძარმა იმსხვერპლა. ამ ტრაგიკული ოჯახის მსგავსად, დღეს საქართველოში სიღარიბეს 300 ათასზე მეტი ოჯახი ებრძვის...
ბევრჯერ გვსმენია უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე, ბავშვებზე, რომლებსაც არასათანადო კვების გამო ჯანმრთელობა შერყეული აქვთ, უფულობის გამო ვერც მკურნალობას ახერხებენ, ვერც განათლებას იღებენ და ხშირად პატარა ასაკიდანვე მძიმე შრომა უწევთ სარჩოს მოსაპოვებლად. დღესაც, როცა ამ სტატიას ვწერ, დარწმუნებული ვარ, უამრავი დედა ფიქრობს, რით გამოკვებოს შვილები, რა ჩააცვას, რით გაათბოს და როგორ უმკურნალოს. სენტიმენტები რომ გვერდზე გადავდოთ და ოფიციალური სტატისტიკით ვიხელმძღვანელოთ, უმძიმეს, მეტიც, კატასტროფულ სურათს მივიღებთ.
ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 3,7 მილიონი კაცია, თავს ღატაკად 927 993 კაცი მიიჩნევს და სახელმწიფოს სოციალურ შემწეობას სთხოვს. გამოდის, ჩვენი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი სიღარიბის ზღვარზე ან ზღვარს მიღმაა. სახელმწიფო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ თითოეულ ოჯახს ამოწმებს და მხოლოდ მათ ეხმარება, ვინც შეფასების სისტემის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ამ ეტაპზე სახელმწიფოსგან დახმარებას მხოლოდ 427 373 კაცი, ანუ 119 582 ოჯახი იღებს. რაც შეეხება ბავშვებს, სოციალური შემწეობით სახელმწიფოსგან დღეს 16 წლამდე ასაკის 137 505 ბავშვი სარგებლობს, მათგან 6 წლამდე ასაკის 46 300 მცირეწლოვანია. გარდა ამისა, უკვე რეგისტრირებულია სახელმწიფოს დახმარების მომლოდინე 18 წლამდე ასაკის 169 ათასი ბავშვი, მათ შორის 67 ათასზე მეტი 6 წლამდე ასაკის არის.
პენსია, საარსებო შემწეობა, დახმარება ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვზე, მაღალმთიანი მოსახლეობის დახმარება, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა - ეს იმ სოციალური პროგრამების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს. მაგალითად, საარსებო შემწეობა დღეს სარეიტინგო ქულათა სისტემის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახის ყოველ წევრზე 30-დან 60 ლარამდეა, 16 წლამდე ასაკის ყოველ ბავშვზე კი დამატებით 50 ლარია განსაზღვრული. შესაძლებელია თუ არა ამ თანხით შიმშილის დაკმაყოფილება, სრულფასოვანი კვება და თვის განმავლობაში არსებობა, თავად განსაჯეთ! სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოს ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის საზომით, სოლიდური თანხა - დაახლოებით 3 მილიარდი ლარი იხარჯება. ამაში შედის პენსიაც, საყოველთაო ჯანდაცვაც, მაღალმთიანი მოსახლეობის დახმარებაც და ა.შ. რაც შეეხება მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებას, ამისთვის წელიწადში 600-დან 700 მილიონ ლარამდე იხარჯება. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამებისთვის ბიუჯეტიდან ყოველ წელს 30-დან 40 მილიონამდე ლარს გამოყოფენ. სხვათა შორის, დაახლოებით ამდენი უნდა დავხარჯოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც.
რადგან პოლიტიკაზე ჩამოვარდა სიტყვა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ოფიციალურად ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი მოსახლეობის კეთილდღეობის იუნისეფის კვლევა გახდა, სადაც ეწერა, რომ ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა და ბავშვების 27,5% მოიცვა.
"საქსტატის" მონაცემებს თუ გადავხედავთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან ფარდობითი სიღარიბე, რაც საშუალო მოხმარების 60%-ის ქვემოთ მყოფ მოსახლეობას ნიშნავს, დიდად არ შეცვლილა და 20-22%-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა შემცირებულია აბსოლუტური სიღარიბე და თუ 2012 წელს 30%-ის ფარგლებში იყო, დღეს 20,1%-ს შეადგენს. აღსანიშნავია კიდევ ერთი მაჩვენებელი - ჯინის კოეფიციენტი, რომლითაც მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანასწორობა იზომება და 0 ყველაზე თანასწორს, ხოლო 100 უთანასწორობას ნიშნავს.
საქართველოში ეს ინდექსი 0,37-ის ნიშნულზეა. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ სოციალურად ყველაზე მოწყვლად ფენებს დაეხმაროს და რამდენად პასუხობს გამოწვევებს დღევანდელი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა? - ამ კითხვით ეკონომისტებს მივმართეთ.
"ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 1/5, ფაქტობრივად, შიმშილობს"
სოსო ბერიკაშვილი, "კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი: "საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, რაც ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება - ანუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 1/5, ფაქტობრივად, შიმშილობს და ძალიან უჭირს პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. გვქონდა ტრაგიკული შემთხვევები, მათ შორის ზემო აჭარაში, როცა ბავშვი შიმშილისგან გარდაიცვალა. სახელმწიფო უკვე გასცემს სოციალურ შემწეობებს, რაც ძალიან მწირია და არაფერში ჰყოფნის 400 ათასზე მეტ კაცს. ეს ძალიან დიდი ციფრია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. თუმცა ეკონომიკური კუთხით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, სახელმწიფო იმაზე კი არ უნდა იყოს ორიენტირებული, სოციალური ბიუჯეტი უფრო გაზარდოს, საშუალოვადიან პერიოდში იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გავიზარდოთ ეკონომიკურად, როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, რომ ამდენი ღარიბი აღარ გვყავდეს. მიზნად უნდა დაისახოს, რაც შეიძლება ცოტა ღარიბ-ღატაკი მოქალაქე გვყავდეს.
ბავშვები მოწყვლადი ჯგუფია და მათზე ზრუნვა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ეფექტიანი უნდა იყოს. დღეს სოციალური შემწეობის მიმღებთა 46,5% შრომისუნარიანია. წარმოიდგინეთ, თუ მოქალაქე დახმარებას იმაში იღებს, რომ არაფერი გააკეთოს, და ამას ემატება ისიც, რომ დასაქმების შემთხვევაში შესაძლოა მისი ანაზღაურება სოციალურ შემწეობაზე ნაკლები იყოს, თანაც შესაძლოა დასაქმების გამო დაკარგოს, ბუნებრივია, არსებულ მდგომარეობასთან შეგუებას ამჯობინებს. ეს კი მეტად სერიოზული პრობლემაა. ერთი მხრივ, ეს შრომისუნარიანი ადამიანი აღარ ვითარდება, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ტვირთად აწვება. არადა, სოციალური დახმარება, რომელიც სახელმწიფოს აქვს განსაზღვრული და შეზღუდულია, სხვას, მათ შორის ბავშვებს, უფრო მეტად სჭირდებათ. ამიტომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა უპირველესად მიზნობრივი ჯგუფებისთვის უნდა იყოს განსაზღვრული".
"საქართველო რეიტინგში 39-ე ადგილზეა 117 ქვეყანას შორის"
გოგიტა ცუცქირიძე, ეკონომიკის ექსპერტი: "მხოლოდ სოციალური პროგრამებით სიღარიბე არსად არ დაძლეულა. სიღარიბის დაძლევის მთავარი ინდიკატორი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდაა. ჯერჯერობით ამას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ გვაქვს პროგრესი - კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვმა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს გადააჭარბა. სიღარიბის განსაზღვრის სამი დონე არსებობს: სიღარიბის შედარებით ნაკლები დონე, რომელსაც კეთილდღეობის მიღმა მაჩვენებელსაც უწოდებენ, სადაც ერთ სულ მოსახლეზე დანახარჯი განისაზღვრება დღეში 5,5 დოლარის ეკვივალენტით; უკიდურესი სიღარიბე, როცა ადამიანები დღიურად მხოლოდ 1,9 დოლარს ხარჯავენ, და მესამე - შუალედური სიღარიბე, დღეში 3,2 დოლარი. როცა ბავშვთა შიმშილსა და სიკვდილიანობაზეა ლაპარაკი, ვგულისხმობთ არა პირდაპირ შიმშილს, არამედ არასრულფასოვან კვებას. გლობალური შიმშილის ინდექსის თანახმად, საქართველო რეიტინგში 39-ე ადგილზეა 117 ქვეყანას შორის და ამ მონაცემით შიმშილის დაბალი კატეგორიის მაჩვენებელში ხვდება".
P.S. გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით, რომელშიც გაანალიზებულია 2012-2018 წლების მონაცემები, 0 ქულა არის საუკეთესო, ხოლო 100 ყველაზე ცუდი და 4 ძირითადი კრიტერიუმით განისაზღვრება, მათ შორის კვების ნაკლებობით, ბავშვის შიმშილის დონით, ზრდის შეჩერებითა და სიკვდილიანობით. ოთხივე კრიტერიუმის დაჯამებით საქართველოს გასულ წელს 9,2 ქულა მიენიჭა. მაგალითად, 2010 წელს ამ ინდექსში 8,4 ქულა გვქონდა, ანუ მონაცემი გაუარესებულია. ამავე კვლევით, ჩვენი მოსახლეობის 7,9% არასაკმარისად იკვებება, 5 წლამდე ბავშვების 4,3% შიმშილობს, 10,5%-ს არასრულფასოვანი კვების გამო ზრდის პრობლემები აქვს, ბავშვთა სიკვდილიანობა კი 1,1%-ს შეადგენს. ასე რომ, სანამ ქვეყანაში ერთი ბავშვი მაინც შიმშილობს, პოლიტიკოსებს თვითკმაყოფილების მიზეზი არა აქვთ. მით უფრო, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთს ამ ინდექსში ჩვენზე უკეთესი - 7,8, აზერბაიჯანს - 7,4, რუსეთს - 5,8 და თურქეთს - <5 ქულა აქვთ.
წყარო: „კვირის პალიტრა"