როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ვალის ორმოში არ ჩავვარდეთ - "საქართველოში ვადაგადაცილებული სესხი 472 013 პირს აღერიცხება"

რამდენიმე დღის წინ "თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდმა" ეროვნული ბანკიდან წერილი გამოითხოვა, რომელსაც ხელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აწერს და მასში, საქართველოს მონ­აცემებზე დაყრდნობით, მოყვანილია ფიზი­კური პირების ვალდებულებები 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

კერძოდ, საქართველოში 1 824 610 ფიზიკურ პირს აქვს აქტიური სასესხო ვალდებულება­ (ჯამში 19 მლრდ ლარზე მეტი ოდენობის). აქედან, ვადაგადაცილება 472 013 ფიზიკურ პირს აღერიცხება. 2018 წლის 31 დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, 2019 წელს შემცირებულია იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებსაც მიმდინარე ვადაგადაცილებული ვალდებულება აქვთ, რის მიზეზადაც 2018 წლის სესხების განულების პროგრამაა დასახელებული და რომელიც 615 164 მსესხებელს შეეხო. მიუხედავად ამისა, 2019 წლის განმავლობაში 111 014 ისეთი კლიენტი ფიქსირდება, რომელთაც წინა წელს ვადაგადაცილება არ ჰქონიათ. მოსახლეობას ვადაგადაცილებული სესხები კვლავ მძიმე ტვირთად აწევს. რა არის ამის მიზეზი და რა უნდა იღონონ პრობლემურმა მსესხებლებმა, ამ საკითხებზე­ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი­ კეპულაძე გვესაუბრება.

- როცა მოქალაქეები სესხს იღებენ, მაგრამ გადახდას ვეღარ ახერხებენ, ეს ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე მეტყველებს. 2019 წელი ეკონომიკურად რთული იყო - მაღალი ინფლაციით, გაზრდილი ხარჯებით და, ალბათ, ამანაც განაპირობა­ ვადაგადაცილების ზრდა. 2018 წლის 31 დეკემბერთან შედარებით, დაახლოებით 111 000-ით არის გაზრდილი იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც ვადაგადაცილება 2019 წელს წარმოეშვათ.

- თუ განვითარებული ქვეყნების პროცენტებს შევადარებთ, ჩვენთან სესხის პროცენტიც მაღალია.

- გერმანიამ, შვეიცარიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ის პრობლემები,­ რაც ჩვენ გვაქვს, წინა საუკუნის დამდეგს­ აღმოფხვრეს. ზოგმა ქვეყანამ 2 მსოფ­ლიო ომი გადაიტანა და მაინც ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ. განვითარებით აღმო­სავლეთ ევროპის ქვეყნებიც გვისწრებენ,­ თუმცა მათთან გათანაბრების შანსი უფრო გვაქვს.

საქართველოში ისეთი საპროცენტო განაკვეთებია, როგორი ეკონომ­იკაც გვაქვს. დაწესებულია ზედა ზღვარი,­ 50%-იანი, და ამაზე მეტს ვერც ერთი გამსესხებელი მომხმარ­ებელს ვერ მოსთხოვს. უცხოურ ვალ­უტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დღეს ისტორიულ მინიმუმზეა, ლარში კი მაღალი ინფ­ლაციის გამო ეროვნულმა ბანკმა რეფინ­ანსირების განაკვეთი 9%-მდე გაზ­არდა, რათა როგორმე ინფლაცია მოეთოკა.

ამან თავისთავად გაზარდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და შედარებით უნდა შეამციროს სესხების გაცემაც, რაც ინფლაციურ ზეწოლას მოხსნის. დიახ, ლარში საპროცენტო განაკვეთი მაღალია, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა ნაკლების საშუალებას არ იძლევა. ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები იპოთეკურ სესხებზეა, განვადებებზე კი შედარებით მაღალი...

დღეს რომ მობაილბანკით შეგვიძლია ნებისმიერი პროდუქტის აღება - სესხის თუ ანაბრის, ეს თავისთავად გამოიწვევს ხარჯების შემცირებას, რაც ავტომატურად­ აისახება სასესხო პროცენტების შემცირებაზე, ანუ მგონი, საფინანსო სექტორში პროცენტი უკეთესობისკენ მიდის. გასაგ­ებია, რომ ყველაფერი უცებ გვინდა, მაგრამ ეკონომიკური პროცესები ისე სწრაფად ვერ წარიმართება.

- ეს ვერ ანუგეშებს იმათ, ვისაც პრობლ­ემური სესხი აქვს და იქნებ ბინის დაკარგვამაც­ მოუწიოს. იქნებ მკითხველს ვურჩიოთ,­ როგორ უშველოს პრობლემურმა მსესხებელმა თავს?

- სანამ სესხს ავიღებთ, კარგი იქნება, თუ კონსულტაციას გავივლით, სად, როგორ, რა ტიპის სესხი ჯობს. ეს ჩვენს ორგანიზაციაშიც შესაძლებელია, არც ბანკში­ მოერიდოთ კითხვების დასმას. სესხი უნდა იყოს ინვესტიცია ჩვენს ცხოვრებაში, რომ­ელსაც ნელ-ნელა გადავიხდით და სესხის გასტუმრების შემდეგ ვიტყვით, ღირდა მისი აღებაო. ხშირად საქართველოში სესხს არცთუ კარგი მიზეზებით იღებენ - ხან გირაოს გადასახდელად, ხან ოჯახის წევრის უცხოეთში სამკურნალოდ გასაშვ­ებად. ამიტომაც, თუ უთუოდ უნდა აიღ­ოთ სესხი, ყოველთვიური გადასახადისთვის თანხის ისეთი ოდენობა შეარჩიეთ, რომელიც დიდ პრობლემებს არ შეგვიქ­მნის და შემოსავლის ნაწილი მაინც დაგვრჩება საარსებოდ.

თუ რამე პრობლემამ იჩინა თავი და ვეღარ იხდით, არ ღირს დამალვა,­ ჯობია მსესხებელს სთხოვოთ უფრო მეტ ვადაზე გადაგინაწილოთ თანხა, რათა ყოველთვიურ ხარჯს გა­სწვდეთ. ბანკი არ არის დაინტერ­ესებული, მაინცდამაინც თქვენს უძრავ ქონებას დაეპატრონოს. მას ურჩევნია ეტაპობრივად, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გადაიხადოთ.

- სესხის ამომღები კომპანიები როდის ერთვებიან საქმეში?

- როდესაც გამსესხებელი ჩამოწერს თავის სესხს და ამომღებ კომპანიებს გადა­აბარებს. სხვათა შორის, მოქალაქეები ხშირად ჩივიან მათ უკანონო და მორალურად გაუმართლებელ ქმედებებზე.

- შანტაჟსაც მიმართავენ...

- ხშირად ამის მიზანი ფსიქ­ოლო­გიური წნეხია. თუ გვემუქრებიან, პოლიცია­ უნდა გამოვიძახოთ. ყველა საკითხი, რაზეც­ შეთანხმდებით ასეთ კომპანიასთან, აუცილ­ებლად იურიდიულად გააფორმეთ. არ დაუშვაYთ სიტყვიერი მოლაპარაკება - მაგალითად, 100-100 ლარი შემოიტანეთ ნელ-ნელა და გპირდებით, ვალს ჩამოგა­წერთო. არ დაიჯეროთ! სიტყვიერ შეთანხმებას ბევრჯერ მოჰყოლია გაუგებრობა - შენ რომ 100-100 ლარი შემოგქონდა, ძირი კი არა, ჯერ ჯარიმა და პროცენტი­ იფარებოდაო. ასეთ მდგომარეობაში რომ არ ჩაიგდოთ თავი, ყველაფერი დოკუმე­ნტურად გააფორმეთ, ნოტარიულადაც დაამოწმეთ. უნდა იცოდეთ, რაზე უთანხმდებით ამომღებ კომპანიას.

- რას ნიშნავს სესხის ხანდაზმულობა?

- სესხი ითვლება ხანდაზმულად მისი დასრულების თარიღიდან 3 წლის შემდგომ.­

- ვთქვათ, 2020 წლის იანვარში ავიღე­ სესხი, რომელიც 2021 წლის იანვრამდე უნდა დამეფარა, მაგრამ 2020 წლის მარტიდან ვეღარ გადავიხადე.

- როდიდან ვერ გადაიხადეთ, მნიშვნ­ელობა არა აქვს. 3 წელიწადი აითვლება 2021 წლის იანვრიდან და თქვენი სესხი 2024 წლის იანვრამდე ხანდაზმულად არ ჩაითვლება. თუ 2024 წლის იანვრამდე მსესხებელმა არ გიჩივლათ, 2024 წლის თებერვალშიც რომ გიჩივლოთ, ანუ ხანდა­ზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, უნდა დაწეროთ შესაგებელი წერილი, რომ სესხზე­ ხანდაზმულობის ვადა გასულია და სესხის დაბრუნების მოთხოვნა უკვე უკანონოა. გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა მოქალაქეებს ძველი საკრედიტო ბარათების ან განვადების დავალიანება აქვთ და ამაზე სასამართლო დავა ბანკს არ უღირს, ალბათ ამიტომ აღწევს ხანდაზმულობის ასაკამდეც, მაგრამ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე, როგორც წესი, არავინ ელოდება 3 წლის გასვლას. ბანკი 3 წლის ვადაზე გაცილებით ადრეც ასწრებს სასამართლოს მიმართოს.

იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 10 თებერვლის ნომერში

ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად