ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აცხადებს, რომ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა და ახლა მოლაპარაკებების დაწყება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
მინისტრის მოადგილე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან კონსულტაციები, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, წლიდან წლამდე უფრო აქტიური ხდება.
„საქართველომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ამ კუთხით, როდესაც მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა, სადაც საუბარია იმ სარგებელზე, რომელსაც ორივე მხარე მიიღებს. კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევიდან პირველი 5 წლის განმავლობაში აშშ-დან 23%-ით გაიზრდება ექსპორტი, საქართველოდან ექსპორტის 19%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, ასევე საუბარია, რომ 180 მილიონზე მეტი ინვესტიცია შემოვა საქართველოში, გაიზრდება ტურიზმი.
ჩვენ ასევე სავაჭრო საკითხებზე ექსპერტულ დონეზე გვაქვს ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებები და ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ დიალოგი უფრო აქტიური ხდება. ქართულმა მხარემ და ხელისუფლებამ, რაც საჭირო იყო ყველა ნაბიჯი გადადგა, რეალურად მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები დავიწყოთ, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა დარჩენილი“, - აცხადებს არველაძე.
ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ დროისთვის ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია და მოლაპარაკებები იწყება, ხოლო ისრაელთან კვლევა დასრულების ბოლო ეტაპზეა.
ცნობისთვის, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, რუსეთთან, უკრაინასთან, დსთ-ს და EFTA-ს ქვეყნებთან.