საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ერთ-ერთია იმ მოხელეებს შორის, რომელთა ქონებრივი დეკლარაციაც 2019 წელს დადებითად შეფასდა და ხარვეზი არ გამოვლინდა.
როგორც 2020 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მდინარაძე ფლობს, 175,8 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე: ფერწერული ტილოები, მათ შორის ბაღდავაძის ტილოები, რომლებშიც ჯამში, 4 200 დოლარი აქვს გადახდილი და 2 000 ლარად შეძენილი გუდიაშვილის ნახატი (ფურცელზე შესრულებული, ფანქრით).
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, 2 864,26 ლარი ჰქონდა, მისმა შემოსავალმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2 დეკემბრის პერიოდში - 45 809,82 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე კი - 4 976,48 ლარი შეადგინა.
ამასთან, როგორ დეკლარაციაშია მითითებული, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არის - სპს ,,მარიამ ხაჭაპურიძის და მამუკა მდინარაძის იურიდიული ფირმის'' 50%-იანი; სპს ,,მამუკა მდინარაძის, გიორგი გელაშვილის და შალვა მშვილდაძის კომპანიის“ 75%-იანი და სპს ,,მამუკა მდინარაძე და თბილისის იურიდიული ცენტრის“ 70%-იანი წილის მფლობელი, თუმცა არცერთი მათგანის მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება დეკლარაციაში. მის სახელზე ფიქსირდება ასევე იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც წლიურმა გასავალმა - 4 075,79 დოლარი შეადგინა.
მამუკა მდინარაძე ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. მისი მეუღლე ფლობს 119,23 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 1 621 ლარი ჰქონდა. ხოლო შემოსავალმა ააიპ - „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსის პოზიციაზე - 28 537,6 ლარი შეადგინა.