პარლამენტს 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარედგინა.
როგორც გეგმაშია აღნიშნული, ხელისუფლება სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკის მოწყობას გეგმავს.
კერძოდ, კანონპროექტის მიზანია, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ახალი დაცული ტერიტორიის - ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსება და მის მართვასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება. ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა.
„2021 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი უნდა იქნას 506 000 ლარი, რომელიც საჭირო იქნება ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დასაკომპლექტებლად და აღჭურვისათვის, კერძოდ 186 000 ლარი გამოყოფილი უნდა იქნას შრომის ანაზღაურებისათვის, 240 000 ლარი აღჭურვილობის შესაძენად და 80 000 ლარი კაპიტალური ხარჯებისათვის,“-აღნიშნულია გეგმაში.
ცნობისათვის, ამჟამად საქართველოში 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 12 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი.