მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას (IMF) შეხვდა. მისიას მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, სამინისტროს ბიუჯეტის გასული წლის შესრულებასა და მიმდინარე წლის მონაცემებზე ისაუბრეს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ პოზიტიურად შეაფასა ფინანსური რესურსის ათვისების 2019 წლის მაჩვენებლები, რაც წინა წლების მომაცემებთან შედარებით რეკორდულია.

2019 წელს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შესრულება 2 121.2 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით მეტია.

მაია ცქიტიშვილმა სტუმრებს მიმდინარე წლის შესრულებაც გააცნო. 2020 წლის იანვარში სამინისტროს მიერ უკვე ათვისებულია 88 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31 მილიონი ლარით მეტია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.