საქართველოს ბიზნესასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ორგანიზებულ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას მასპინძლობს

USAID/Georgia ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საჭიროებაზე მორგებული მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში, ბიზნესასოციაციებისთვის პირველ სასწავლო კურსს მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 5- დღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენერებისგან ორგანიზაციის მდგრადი განვითარების საკითხებზე. იგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის მაგალითად, სტრატეგიული დაგეგმვა, ორგანიზაციული მართვა, წევრობის სისტემები, ადვოკატირება, კომუნიკაციები და სხვა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი წევრების ინტერესების დაცვის კუთხით. მოხარულნი ვართ, რომ BAG-USAID-ის თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. აღნიშნული კურსი საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციებისთვის ძალიან ღირებული იქნება. ვფიქრობ, საქართველოში არსებული მცირე და განსაკუთრებით სექტორული ასოციაციებისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი მათი შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ.