„ამბიცია გვაქვს, რომ მომავალ წლებში თხილის საექსპორტო პოტენციალმა მილიარდ ლარს გადააჭარბოს“,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმეწლიანი ვარდნის შემდეგ, წელს თხილის სექტორი დაუბრუნდა წარმოებას და პროდუქტის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით, 110- 120 მლნ დოლარი იქნება.
„წამყვანი პოზიციები დღესაც გვიკავია თხილის ექსპორტში, მესამე ვართ რეგიონში, თუმცა გვინდა, რომ ვიყოთ მეორე. თურქეთთან გატოლება ცოტა არარეალური ამბიციაა, მაგრამ გეტყვით, რა მოხდა თხილთან დაკავშირებით.
2014-15 წლებში ჩვენ 2-ჯერ მეტი თხლის ექსპორტი გვქონდა განხორციელებული, ვიდრე წარმოება იყო ქვეყანაში. ამას არ ჩავუღრმავდები, რატომ და როგორც არის ეს პროცესები. 2016 წელს შემოსული მავნებლების გამო და უფრო მეტად, არასათანადო, არაჯეროვანი მოვლის გამო, მივიღეთ აბსოლუტური ვარდნა თხილის სექტორში. 3 წელი დახარჯა საქართველოს მთავრობამ და მეც მათ შორის, ხელმძღვანელი ვიყავი ამ ღონისძიების, დავაჯერეთ საკუთარ შესაძლებლობებში დასავლეთ საქართველოს თხილის მწარმებლების ნაწილი. 15 000 ბენეფიციარი გვყავდა გაერიანებული გასულ წელს ჩვენი იდეოლოგიის ქვეშ. ეს განვახორციელეთ თხილის ასოციაციასთან ერთად და 17 ათასი ჰექტარი იყო მოცული. მიმდინარე წელს ახალი პროგრამით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 30 000 ფერმერს მოვიცავთ და შესაბამისად, ეს იქნება დაახლოებით, 35-40 000 ჰექტარი. ანუ, თხილის სექტორი დაუბრუნდა წარმოებას, ფერმერებმა ირწმუნეს საკუთარი თავის, მიიღეს თხილის ძალიან მაღალი ხარისხი იმიტომ, რომ აგროღონისძიებები გაატარეს. ამასთან, შესანიშნავი საფასო პოლიტიკა გვაქვს. მინისტრი ლევან დავითაშვილი თავად იყო ჩასული თურქეთში, მოიწვია აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ერთობლივად დაიგეგმა ბევრი საინტერესო ღონისიძება.
მსოფლიო ბაზარზე ჩვენ გვაქვს ჩვენი ავტორიტეტული ადგილი, თხილი იყიდება აბსოლუტური წარმატებით. ჩვენ არათუ დავიბრუნეთ პოზიციები, გასულ წელთან შედარებით (როდესაც 30-40 მლნ დოლარის ექსპორტი გვქონდა განხორციელებული), არამედ, ბევრად გავაუმჯობესეთ. წელს 110- 120 მლნ დოლარის ექსპორტზე გავალთ.
ჩვენ ამბიცია გვაქვს, რომ თხილის სექტორი მომავალ წლებში უნდა განვავითაროთ ისე, რომ მარტო თხილის საექსპორტო პოტენციალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. ეს არის რეალური ამბიცია.
როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? დღეს თხილის საშუალო მოსავალი ჰექტარზე არის 700 კგ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ თხილის ინტენსიურ წარმოებაზე. კერძოდ, 2 ტონა ნახევარი უნდა მივიღოთ საშუალო საჰექტრო მოსავალი, გაუმჯობესებული ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლით“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.