ნოდარ ხადური: სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა , რომელიც ამ წუთებში აჭარის რეგიონში არსებულ ვითარებას ეცნობა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა დაათვალიერა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი და ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც მგზავრთა ნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას გაეცნო.

,,მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, საბაჟო და საპატრულო პოლიცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. არ არის რიგები საბაჟოზე. იმედი მაქვს, გზებზე მოძრაობის შეფერხების საფრთხე აღარ იქნება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტრანზიტულ, საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების მოძრაობას ხელი არ შეეშალოს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

დღესვე, ფინანსთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, აჭარაში შექმნილ საგანგებო შტაბის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალსა და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებზე იმსჯელებენ.