„უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწების მიტაცებას არ დავუშვებთ"

კონკრეტული ჯგუფები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უნებართვო მშენებლობების განხორციელების გზით, სახელმწიფო მიწების მიტაცებას ცდილობენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვიდეოდიალოგის ფორმატში ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, მოქალაქემ დედაქალაქის მერს ავჭალაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო მშენებლობების დემონტაჟთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

„ამ მიწების მიტაცება სრულებით მიუღებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ჯგუფებმა ეს მოახერხონ. თუ მათ აქვთ საცხოვრებლის პრობლემა, დავეხმარებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რაც მოვიკვლიეთ, ყველას აქვს საცხოვრებელი. ამასთან დაკავშირებით, შესაბამის სამსახურებს გადავცემთ ინფორმაციას, რომ გამოძიება დაიწყოს, რადგან, როგორც ვთქვი, ესენია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ეწევიან ამ საქმიანობას. ერთ ღამეში ახორციელებენ პატარა მშენებლობებს, გადის დრო და შემდეგ შემოდის დაკანონებაზე. ყველას დავეხმარებით, ვინც ამას საჭიროებს. იჯარით გაგვყავს ისინი, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვთ, მაგრამ მიტაცებული მიწების დაკანონებას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.