საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0 პროცენტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი არსებული ეკონომიკური სიტუაციის ანალიზსა და გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ არსებობს შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება. კომიტეტის შეფასებით, შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივად მოხდება და მისი ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის მოსალოდნელ დინამიკასა და ეკონომიკურ აქტივობაზე.

ეროვნული ბანკის პროგნოზებით, ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2015 წლის პირველ ნახევარში მიაღწევს. "თუკი არ გამოიკვეთება ეკონომიკაზე მოქმედი ახალი შოკები, პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი დაუახლოვდება მის ნეიტრალურ დონეს და 2015 წლის ბოლოს 6 პროცენტს მიაღწევს", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, მეორე კვარტალში რეალური მშპ 5.2 პროცენტით გაიზარდა და წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება.