მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (25 კაფსულა და 12 აბი) და ფსიქოტროპული (12 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლების 1-ლი ნაწილებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტებზე.