გერმანიის შემდეგ ქართული თაფლი საფრანგეთშიც გავა - რა ღირს და რამდენად მოთხოვნადია ქართული პროდუქცია ევროპაში

მიმდინარე წლის სექტემბრამდე თაფლის მწარმოებელი კომპანია „გეონატურალი“ გერმანიაში 20 ტონამდე თაფლის ექსპორტს გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი იაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რაჭაში წარმოებული თაფლი გერმანიის ბაზარზე პირველად გასულ წელს გაიტანა და ამჟამად სხვა ქვეყნებთანაც აქვს მოლაპარაკებები.

„ 2019 წელს ორჯერ, ჯამში 4 ტონამდე თაფლი გავიტანეთ გერმანიაში. შეთანხმება უკვე მიღწეულია და სექტემბრამდე დამატებით 15 ტონა თაფლი გავა გერმანიაში. ჩვენი გეგმები საკმაოდ დიდია, თუმცა თავიდან მცირე მოცულობით დავიწყეთ, რომ განგვესაზღვრა როგორი ტიპის მოთხოვნა იყო და როგორ მიიღებდა ბაზარი.

ამჟამად ორი სახეობის პრემიუმ კლასის თაფლი გაგვაქვს: წაბლის და პოლიფლორული, შემდეგ უკვე დავამატებთ აკაციის თაფლს და ასევე საუბარია ფიჭას გატანაზე“,-აცხადებს გიორგი იაშვილი.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მაღალი ხარისხის თაფლზე და 1 კილოგრამი ქართული თაფლის ღირებულება 20 ევროს აღწევს. ქართული თაფლის გერმანიაში მოხვედრა კი ერთ-ერთ გამოფენაზე დაინტერესებას მოჰყვა და ახლა სხვა ქვეყნებთანაცაა მოლაპარაკებები.

„ პროდუქცია გამოფენაზე ნახეს და ხარისხობრივად მოეწონათ. საფრანგეთში ერთ-ერთ სასტუმროების ქსელთან მოლაპარაკებებია ფასზე და შეფუთვის ტიპზე , სავარაუდოდ, 15 ტონამდე გავიტანთ, ასევე საუბარია 5 ტონამდე თაფლის ბრიტანეთში გატანაზე, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ჰოლანდიაში, თუმცა ამ ეტაპზე უნდა განვსაზღვროთ, რამდენად შევძლებთ იმ მოცულობის წარმოებას , რაც მათ სურთ“,-აცხადებს იაშვილი.

რაც შეეხება გამოწვევებს, რაც გარკვეულწილად აფერხებს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტს, იაშვილი აცხადებს, რომ რთულია დიდი რაოდენობით ერთგვაროვანი თაფლის პარტიის მომზადება საექსპორტოდ, რადგან სხვა ფერმერებისგან მცირე მოცულობის თაფლის ჩაბარებისას ლაბორატორიული შემოწმება დაბინძურებაზე დიდ დანახარჯებს უკავშირდება.

„საქართველოში პრემიუმ კლასის თაფლის წარმოების დიდი პოტენციალია, მაგრამ ბევრი დაბრკოლებაა. პირველ რიგში, ფერმერები უნდა მიხვდნენ, რომ გაერთიანდნენ და ერთიანი პოლიტიკა შეიმუშაონ, რა თქმა უნდა, მთავრობის დახმარებაც იქნება საჭირო ორგანიზების თვალსაზრისით. მცირე რაოდენობის დაბინძურებული თაფლიც კი რომ შეერიოს დიდ პარტიას, ექსპორტზე ვეღარ გავიტანთ. 2018 წელს ვაპირებდით ექსპორტზე გატანას, თუმცა ანტიბიოტიკებით დაბინძურების გამო ვერ შევძელით. აღმოჩნდა , რომ ერთ-ერთი მიმწოდებლისგან ანტიბიოტიკებით დაბინძურებული ფიჭა შევიძინეთ და შემდეგ მთლიანად მოგვიხდა ამ ფიჭების გამოცვლა.

500 სკა თავად გვაქვს და სხვა ფერმერებისგანაც ვიბარებთ თაფლს. დიდ პარტიაზე შემოწმების ხარჯის გაღება პრობლემა არაა, მაგრამ მცირე პარტიებისთვის ასეთ ხარჯს ვერ გავიღებთ. დონორებთან მაქვს მოლაპარაკებები ექსპრეს ლაბორატორიასთან დაკავშირებით. თუ ასეთი ლაბორატორია მექნება, ადგილზე შევძლებ პირველად შემოწმებას დაბინძურებაზე და ფერმერებისგან უკვე მცირე რაოდენობის თაფლის ჩაბარებასაც“,-აცხადებს გიორგი იაშვილი.

მარიამ ტიტვინიძე