Sony, Amazon, LG და Ericsson ბარსელონას მობილურ კონგრესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

იაპონურმა კორპორაციამ Sony-მ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას ბარსელონაში თებერვლის ბოლოს დაგეგმილ მსოფლიოში უმსხვილეს მობილური ტექნოლოგიების გამოფენაში მონაწილეობაზე. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Кyodo იუწყება.

გამოცემის ცნობით, ამის მიზეზია კორონავირუსი. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტულია თანამშრომლების და ბიზნეს პარტნიორების უსაფრთხოება, ამიტომ გამოფენაზე არ წარსდგებიან.

Mobile World Congress ბარსელონაში 24-27 თებერვალს გაიმართება. მასში მონაწილეობაზე ასევე უარი განაცხადეს Amazon-მა, LG-მ და Ericsson-მა.

თავად ორგანიზატორების განცხადებით კი კორონავირუსს ამ დრომდე რაიმე ტიპის ცვლილება გამოფენის ჩატარებაზე არ მოუხდენია, შესაბამისად, ისინი კვლავინდებურად ელოდებიან 100 ათას ვიზიტორს გამოფენის ფარგლებში. გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი გაითვალისწინებენ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ასევე ესპანეთის და ჩინეთის ხელისუფლებების რჩევებს.

Mobile World Congress არის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა მსოფლიოში, რომელიც მობილურ ინდუსტრიას ეძღვნება და მასში ყოველწლიურად თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიები.

კოკა კვირკველია