საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტო პურპროდუქტების საკითხზე აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით სამი ძირითადი სექტორია: ხორბლის იმპორტი, პურპროდუტების წარმოება და ასევე ფქვილის წარმოების კომპონენტი. ამის შესახებ ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. დასრულდა 2019 წელი და ვფიქრობთ, გარკვეულ დინამიკაში პროცესის დანახვა მნიშვნელოვანია. სამი ძირითადი სექტორია: ხორბლის იმპორტი, პურპროდუტების წარმოება და ასევე ფქვილის წარმოების კომპონენტი. გარკვეული მიმართულებით დასკვნები უკვე გვაქვს, თუმცა დრო გვჭირდება, რომ საბოლოოდ ამის შეფასება მოვახდინოთ, როგორც იმ კონკრეტული პერიოდის, მაშინ როდესაც კითხვები გაჩნდა, რის გამოც დაევალა კონკურენციის სააგენტოს აღნიშნული საკითხის მონიტორინგის პროცესი, ასევე ზოგადად, ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით. ჩვენ უფრო გლობალურად ვუყურებთ ამ საკითხს", - აღნიშნა ლექვინაძემ.
იგი მიიჩნევს, რომ პირველ კვარტალში სააგენტოს აღნიშნულ საკითხზე გარკვეული შეფასება ექნება.
ჟურნალისტების კითხვაზე, საკითხის დროულად შესასწავლად, მიაწოდეს თუ არა კონკურენციის სააგენტოს პურპროდუქტების მწარმოებლებმა ინფორმაცია დროულად, ლექვინაძემ ასე უპასუხა: „ზოგადად, მონიტორინგის პროცესი კონკრეტულ ვადაში დასკვნის წარმოდგენას არ გულისხმობს, განსხვავებით მოკვლევის პროცესისგან. გარდა ამისა, მონიტორინგის პროცესში კომპანიებს არ აქვთ ვალდებულება, აუცილებლად მიაწოდონ ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოს. გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ მონიტორინგის პროცესში ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ინფორმაციის მოწოდების მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა ამას აქტიური კომუნიკაციების გზებით ვცდილობთ. ვფიქრობთ, ეს არის გზა, რომელიც ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობას გააუმჯობესებს. გვყავს ჩვენი წყაროები, საიდანაც ინფორმაციას ვიღებთ და გარკვეული ტიპის ინფორმაციაზე წვდომა გვაქვს, თუმცა ამ პროცესში კომპანიების თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახალ კანონმდებლობში ეს ნაწილი გაუმჯობესებულია“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
მისი თქმით, კონკურენციის სააგენტო ამ ეტაპზე რამდენიმე ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს.
„შვიდი ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს: ფარმაციის ბაზარი, ავტოდაზღვევის ბაზარი, ბავშვთა კვების ბაზარი, სიგარეტის ბაზარი, პურპროდუქტებისა და ნავთობპროდუქტების ბაზარი. ეს არის ძირითადი თემები, სადაც კონკურენციის სააგენტო მონიტორინგს ახორციელებს“, - აცხადებს ლექვინაძე.