„მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ ღებულობს“,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის.
„მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ ღებულობს.
ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი გვაქვს, სადაც საშუალო მოსავლიანობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა, გვყავს ცალკეული ფერმერები, რომლებიც ჰექტარზე იღებენ 5-6 ტონა მოსავალს. არადა, ქართულ მიწას შეუძლია, სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებებისა და შესაბამისი თესლის შემოტანის პირობებში, საშუალო საჰექტრო მოსავალი ავიდეს 5-6 ტონამდე. ჩვენ ამ დონეს საშუალოდ, 5-6 წლიან პერიოდში მივაღწევთ.
სამინისტროში დამუშავებულია პროგრამა, რომელიც არის მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით. ეს არის ელევატორების სისტემის განვითარება. კერძოდ, მინდვრის ელევატორებიდან მოხდება მაღალხარისხიანი თესლის, ასევე, შესაბამისი ჰერბიციდების და პესტიციდების გაცემა. ეს იქნება ლაბორატორია მიღების პერიოდში. გადახარისხდება ხორბალი და მიეწოდება შესაბამის სეგმენტს.
იქიდან გამომდინარე, რომ მარცვლეულის წარმოებაზე ძალიან არის დამოკიდებული მეცხოველეობის და მეფრინველობის მიმართულების განვითარება, ყველა ეს პოროგრამა შემუშავებულია სამინისტროში, თუმცა, სამწუხაროდ, საბიუჯეტო რესურსი ყოველთვის არ არის საკმარისი.
ჩვენ ასევე გვაქვს ბიოპროდუქტების წარმოების ცალკე პროგრამა, რომელზეც ასევე რესურსი არ გვყოფნის. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ დონორებთან, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი რესურსი გამოიყოს“,- განაცხადა გიორგი ხანიშვლმა.