ტყეებში სოციალური ჭრები ვეღარ განხორციელდება - რა იცვლება ტყის ახალ კოდექსში

მთავარი ქვაკუთხედი ამ კოდექსის არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად გავაუქმოთ სოციალური ჭრა და გადავიდეთ მდგრად მეურნეობებზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. თუმცა მისივე თქმით, სოციალური ჭრის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას ტყეზე და ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობა ეკარგება.

„ჩვენ უნდა გვქონდეს აღრიცხული, თუ რა ქონებას ვფლობთ, უნდა ჩავატაროთ ინვენტარიზაცია. შემდეგ მეტყევეები და სპეციალისტები გადაწყვეტენ, აქედან რა უნდა მოიჭრას. შემდეგ დახარისხდეს და აქედან გაირკვეს, რომელია სამასალე, ნახევრადსამასალე, საშეშე და ბიომასალა. მერქანის განთავსება მოხდება მუნიციპალიტეტებში არსებულ საქმიან ეზოებში, აქ უკვე მოქალაქეებს ეტაპობრივად პროცესზე გადასვლის შემდეგ საშუალება ექნებათ ადგილზე შეიძინონ პირდაპირი ყიდვისა თუ აუქციონის წესით სასურველი მერქანი. უნდა განვმარტოთ, რომ აქამდე მაღალმთაში დაშვებული იყო 15 კუბური მეტრი შეშის მოჭრა, ბარში - 7. ახალი რეგულაციით კი, ეს იხსნება, რადგან, მასალა საქმიან ეზოებში განავსდება“, - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ ტყის ახალი კოდექსი შეიმუშავა. სატყეო სექტორის მართვის განახლებული ინსტიტუციური მოდელი ითვალისწინებს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ტყის რესურსების რეკრეაციული გამოყენების სტიმულირება და სოფლის განვითარებაში ტყეების როლის ზრდა. აღნიშნული კოდექსის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე. მათ შორის, სავალდებულო ხდება ტყის მართვაში მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტების მონაწილეობა, რაც რეგიონში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასა და მიგრაციის პრობლემებს მოგვარებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ კოდექსის ფარგლებში უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა, რაც ლიცენზიანტების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზარალითაა გამოწვეული. ცნობისათვის, ტყის ახალი კოდექსი პარლამენტმა პირველივე მოსმენით 2019 წლის ნოემბერში განიხილა, მეორე საპარლამენტო მოსმენა 12 თებერვალს გაიმართება.