საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის, საწარმოო დანაკარგების დაბეგვრის პრობლემასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და შემოსავლების სამსახურს შორის, საწარმოო დანაკარგების დაბეგვრის პრობლემასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა ე.წ. „ღია საწყობის პრინციპით“ მოქმედი საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტებში სურსათის ბუნებრივ დანაკარგებთან და ხარისხების არევასთან დაკავშირებული საკითხები, კონკრეტულად კი სამუშაო ჯგუფის ფორმატში შემუშავებული და შეჯერებული ერთიანი წინადადებები, რომელიც უშუალოდ ეხებოდა რეგულაციის გავრცელების ობიექტს და არეალს, ასევე დანაკარგის ოდენობას და მისი დაანგარიშების პრინციპებს.

„შეხვედრაზე, დანაკარგების ირგვლივ არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით, ჩვენს მიერ მომზადებული წინადადებები განვიხილეთ ერთობლივად და წარვუდგინეთ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს. მათი მხრიდან კი მივიღეთ დაპირება, რომ შეთავაზებული წინადადებების შემოსავლების სამსახურის დანაკარგების კომისიის ფორმატში სათანადოდ განხილვის შემდგომ, გაგრძელდება საკითხის ირგვლივ სამუშაო ჯგუფის ფორმატში კონსულტაციები და მსჯელობები საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე“, - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.