რა ქონებას ფლობს ყოფილი დეპუტატი, რომელიც გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ქუცნაშვილი უკვე შეუდგა საქმიანობას.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა საპარალამენტო მანდატის დატოვებაზე 2019 წლის ივნისში განაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ორგანიზებით გამართული ასამბლეის ფარგლებში რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა.

ამის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში ქუცნაშვილმა განაცხადი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე წარადგინა. მაშინ ქუცნაშვილის გარდა კონკურსში მონაწილეობის სურვილი კიდევ ოთხმა პირმა გამოთქვა. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მაშინ კონკურსის მონაწილე არცერთი კანდიდატი არ განიხილეს და კონკურსიც ხელახლა გამოცხადდა.

მიმდინარე წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქუცნაშვილის ოჯახმა 2018 წელს 3 ბინა, ერთი მიწის ნაკვეთი და სარდაფები იყიდა. საერთო ჯამში, დეპუტატის ოჯახმა უძრავი ქონების შეძენაში შარშან, 382 000 დოლარი და 500 ლარი დახარჯა.

კერძოდ, ქუცნაშვილმა 2018 წელს 500 ლარად და 1 000 დოლარად 16,26 კვ. მეტრის ორი სარდაფი შეიძინა თბილისში; განვადებით იყიდა დედაქალაქში 48 კვ. მეტრის ბინა, რომლის საფასურიც 40 000 დოლარია; ასევე გასულ წელს დეპუტატმა 230 000 დოლარის მოცულობის იპოთეკური სესხით იყიდა თბილისში 915,61 კვ. მეტრი ფართობის სარდაფი, ბინა, ანტრესოლი, სხვენი.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, 2018 წელს დეპუტატის მეუღლემ სტეფანწმინდაში 888 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი 35 000 დოლარად; ხოლო მისმა მამამ იპოთეკური სესხისა და პირადი სახსრების საფუძველზე თბილისში 85,86 კვ. მეტრი ფართობის ბინა 76 000 დოლარად შეიძინა. ამასთან, მისმა მამამ 2019 წელს 15 კვ.მეტრი ფართობის ავტოფარეხი შეიძინა განვადებით.

გარდა ამისა, ზაქარია ქუცნაშვილი ფლობს 136 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 36,7 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში; ამავე მისამართზე მდებარე 36,7 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე: 88,57 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში; 59,99 კვ. მეტრის ბინა თბილისში; თიანეთში, ხევსურთსოფელში მდებარე 602 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და 345,92 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართის 70%-70%-იანი წილები. დეპუტატს ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი - Toyota Land Cruiser Prado.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე 1000 ლარზე მეტი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ზაქარია ქუცნაშვილი არის შპს “ქ ენდ ქ კონსალტინგის“ 60%-იანი წილის მფლობელი, თუმცა, საწარმოს საქმიანობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ დეპუტატს კომპანიაში საკუთარი წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.

პარლამენტის წევრობისას ქუცნაშვილის შემოსავალმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 4 სექტემბრამდე 29 169 ლარი; „ქ ენდ ქ ქონსალტინგის“ იურისტის პოზიციაზე 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბერში - 3 000 ლარი; არასაცხოვრებელი ფართების და ბინის გაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა კი ჯამში, 60 406 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, დაბა სიონში მიწის ნაკვეთის გასხვისებით - 18 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.

ზაქარია ქუცნაშვილი მშობლებთან, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მამა გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონებისა, ფლობს 1 110 კვ. მეტრი ფართობის, 2 019 კვ. მეტრის, 10 000 კვ. მეტრის სამ მიწის ნაკვეთსა და 155 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თიანეთში, სოფელ ხოფცაში. მის საკუთრებაშია ასევე: 379 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი და 496 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი თბილისში. ამასთან, ფლობს მსუბუქ ავტომობილს Honda CRV-ს.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 3 126,09 ლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დეპუტატის მამა არის შპს „ჯეოინჟინერინგის“ 40,35%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს 141 225 ლარის შემოსავალი მიიღო; ასევე ფლობს კოოპერატივი ნაფარეულის ბიო ღვინოს 20%-იან წილს. აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიაში 20%-იან წილს დეპუტატის დედაც ფლობს, თუმცა საწარმოს საქმიანობით მათ შემოსავალი არ მიუღიათ. ამასთან, ის არის - შპს „აგრას“ - 12,5%-იანი, შპს „ენერსი საქართველოს“ - 10%-იანი და შპს „ქმბ საქართველოს“ - 20%-იანი წილის მფლობელი, თუმცა, მათი საქმიანობით შემოსავალი არ აქვს მიღებული.

ქუცნაშვილის მამის შემოსავალმა 2018 წელს შპს ,,ჯეოინჟინერინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 57 650 ლარი; ნავთობისა და გაზის კორპორაციის წევრობისას კი 17 667 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლეს, 2018 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთის გარდა, ის ფლობს 1 590 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დიდ ლილოში. არის ასევე: შპს „ნიტა პროქურუმენტ გრუპის“ 33,3%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც მიღებულმა შემოსავალმა - 97 586 ლარი შეადგინა. ფლობს ასევე: შპს „მთის ფარმას“ 100%-იან, შპს „ერწოს მარკეტის“ 90%-იან და შპს „იუნიფიშ გე“-ს 20%-იან წილებს. ამასთან, „ქ ენდ ქ კონსალტინგის“ მარკეტინგის მენეჯერის პოსტზე 2019 წლის იანვარ-სექტემბერში - 13 244 ლარი; შპს ,,ნიტა პროქიურმენტ გრუპის" დირექტორის პოსტზე - 22 369 ლარი; შპს „მთის ფარმას“ დირექტორობისას - 1 250 ლარი; ხოლო „ქ ენდ ქ კონსალტინგის“ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე - 4 700 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი